რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში

ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში

დაიწყო რელიგიის საკითხთა სახელწმიფო სააგენტოს ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში. დღეს, 15 მარტს, შედგა პირველი შეხვედრა „კათოლიკეთა და მუსლიმთა საერთო საბჭოში“. შეხვედრას ესწრებოდნენ საბჭოს პრეზიდენტები - აგატა ნალბორჩიკი (კათოლიკური თემის წარმომადგენელი) და ანდჟეი სარამოვიჩი (მუსლიმი თემის წარმომადგენელი). ქართულ დელეგაციას წარმოადგენდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ილია დარჩიაშვილი.

            ქართულმა მხარემ მასპინძლებს გააცნო საქართველოში რელიგიის თავისუფლების დაცვის მხრივ გატარებული რეფორმები, მიმოიხილა რელიგიის პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები და სახელმწიფოს საპასუხო, მწყობრი ნაბიჯები.

            „კათოლიკეთა და მუსლიმთა საერთო საბჭო“ პოლონეთში ერთ-ერთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციაა რელიგიის სფეროში, რომელიც 25 წელია, მოღვაწეობს კათოლიკური ეკლესიისა და მუსლიმების დაახლოების სფეროში. მათ ქართულ მხარეს გააცნეს პოლონეთში არსებული გამოწვევები ინტერ-რელიგიურ ურთიერთობებში და აბრაამისეული რელიგიების მჭიდრო თანამშრომლობა საერთო ღირებულებების გარშემო. პოლონეთის მოსახლეობის 90% კათოლიკე ქრისტიანია, კათოლიკურ ეკლესიას კონკორდატი აქვს გაფორმებული სახელმწიფოსთან, ხოლო მუსლიმები 40 000 კაცით წარმოადგენს მოსახლეობის 0.1%-ს.

            „კათოლიკეთა და მუსლიმთა საერთო საბჭოს“ წარმომადგენლებთან დიალოგში გამოიკვეთა ორმხრივი თანამშრომლობის ინტერესი და დაიგეგმა მათი  ვიზიტი საქართველოში.


უკან