რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილი მინისტერიალი გაიმართა

ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილი მინისტერიალი გაიმართა

ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მასპინძლობითა და პატრონაჟით რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილი მინისტერიალი  - „Ministerial to Advance Religious Freedom” - გაიმართა. საერთაშორისო ფორმატის მინისტერიალი  წელს პირველად აშშ-ის სახელმწიფოს ინიციატივით ჩატარდა, რომელშიც 200-მდე ქვეყნის საგარეო და რელიგიურ საკითხებზე მომუშავე ხელმძღვანელი პირებისაგან შემდგარმა დელეგაციებმა მიიღეს მონაწილეობა, ღონისძიებას ასევე სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო ლიდერებიც ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი). საქართველოს სახელმწიფოს დელეგაციას წარმოადგენდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოს სახელმწიფოს საელჩო აშშ-ში. კონფერენციაში მონაწილეობა არ მიუღია რუსეთის ფედერაციასა და თურქეთის რესპუბლიკას.
 

მინისტერიალის სხდომა გახსნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ვრცელი მოხსენებით წარსდგა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი, რომელმაც მიმოიხილა მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული პრობლემები და გამოწვევები ასევე ამ მიმართულებით არსებული უსაფრთხოების საკითხები, ისაუბრა რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობისათვის ეფექტური სამომავლო პოლიტიკის შემუშავების შესახებ, როგორც საერთაშორისო ასევე რეგიონალურ დონეზე.
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, რომელიც მდიდარია და სამაგალითოა მსოფლიო საზოგადოებისთვის უნიკალური ტოლერანტობისა და მულტიეთნიკური თანაცხოვრების თვალსაზრისით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს კულტურის თავისებურება, რაც გამოიხატება მრავალფეროვნებაში, რელიგიურ პლურალიზმსა და ინკლუზიურობაში, თავის მხრივ იქცა ქართველი ერის და მისი ცხოვრების წესის განმსაზღვრელად. მისივე თმიქთ რელიგიური თავისუფლების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბოლო წლების განმალობაში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისთვის სალოცავი შენობა-ნაგებობებით უზრუნველყოფის თვალსაზისით.
 
დავით ზალკალინმა ხაზი გაუსვა საქართველოში მოქმედი რელოგიური ინსტიტუტების ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებაში.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რელოგიური თავისუფლების საერთაშორისო კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის, მათ შორის რელოგიური თავისუფლების ფუნდამენტური უფლების დარღვევისა და ხელყოფის ფაქტებზე. მისი თქმით ოკუპაციისა და 2008 წლის სამხედრო აგრესიის შემდგომ ვითარება ოკუპირებულ რეგინებში გართულდა. ადგილზე ილახება, როგორც მორწმუნეთა უფლებები, ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლეთა უფლებები, რომელთაც წლებია არ ეძლევათ საშუალება განახორციელონ ამ ტერიტორიაზე ღვთისმსახურება და მონაწილეობა მიიღონ რელიგიურ ღონისძიებებსა და დღესასწაულებში. მშვიდობიან მოსახლეობას არ ეძლევა საშუალება მოინახულოს და პატივი მიაგოს წინაპართა საფლავებს. დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ისტორიული რელიგიური ტაძრების დაზიანებისა და დამახინჯების ფაქტებზე, როგორც მან აღნიშნა ამ გზით საოკუპაციო რეჟიმი და რუსეთის ფედერაცია ცდილობს წაშალოს ქართული ისტორიულ-კულტურული კვალი.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
დავით ზალკალიანმა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მინისტერიალის მონაწილეებს დაუდასტურა საქართველოს მზაობა მომავალშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ცივილიზაციათა დიალოგსა და სხვადასხვა რელიგიურ თუ კულტურულ ჯგუფებს შორის ხიდების მშენებლობასა და ნდობის გაღრმავებაში, რასაც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად წარმატებით ართმევდა თავს. 


უკან