რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

ტრენინგი სასულიერო პირთათვის ზუგდიდში

ტრენინგი სასულიერო პირთათვის ზუგდიდში

დღეს, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციტიავით მოეწყო ტრენინგი სასულიერო პირთათვის,  რომელშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმი თემის და სახარების რწმენის ეკლესიის სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.

საქართველოში გავრცელებულ რელიგიებსა და მათ ისტორიაზე მსმენელებს ესაუბრა სააგენტოს საინფორმაციო - ანალიტიკური სამსახურის თანამშრომელი, სერგო ფარულავა; თემაზე - რელიგიის თავისუფლება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით - ლექცია წაიკითხა რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის თანამშრომელმა დავით დავითაშვილმა. ლექციების შემდეგ, ტრადიციულად, სააგენტოს თანამშრომლებმა უპასუხეს მსმენელთა კითხვებს.

ტრენინგების ძირითადი თემები რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ეროვნული კანონმდებლობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა გახლდათ, კერძოდ: ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლელებების, სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე, გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებული დოკმენტების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობის შესახებ. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, ერთხმად აღინიშნა ინტერ-რელიგიური ფორმატისა და რელიგიის სააგენტოს ჩართულობის აუცილებლობა არსებული საკითხების მოგვარებისათვის.

ტრენინგი 2018-20 წწ. ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ქ. ზუგდიდში, ორ ეტაპად იმართება და მასში რეგიონში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები და სტუდენტები მონაწილეობენ. 


უკან