რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

თანამშრომლობის მემორანდუმი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან

თანამშრომლობის მემორანდუმი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა დაზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა.

სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძემდაზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა, ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიზანია რელიგიურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა. მემორანდუმი ითვალისწინებს სააგენტოს პროექტის - „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“ ფარგლებში რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებისათვის ქართული ენის სწავლებას.

მემორანდუმის აუცილებლობა განაპირობა რელიგიის სააგენტოს მიერ 2018–2020 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სემინარების („ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა“) მიმდინარეობისას შექმნილმა ვითარებამ, როცა გაირკვა, რომ მონაწილე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ სასულიერო პირებს გაუჭირდათ თემის გაგება-გააზრება, სახელმწიფო ენის სათანადოდ ან საერთოდ ვერ ფლობის გამო. რელიგიის სააგენტოს დაებადა იდეა და  განავითარა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, სახელწოდებით: სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“, რომელიც გააცნეს პროექტში მონაწილე სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს. მათ დადებითად შეაფასეს სააგენტოს ინიციატივა და   სახელმწიფო ენის შესწავლის სურვილი გამოთქვეს.

სააგენტომ არაფორმალური შეხვედრები გამართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან, რომლებმაც  პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

ქართული ენის შესწავლის სურვილი, ჯერ-ჯერობით, ასორმოცდაათმა სასულიერო პირმა გამოთქვა. ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ანალოგიური სურვილი მრევლმაც გამოხატა.

მემორანდუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, სახელმწიფო ენის სწავლების პროცესის სრულყოფას, ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობებს პირთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციას.

 


უკან