რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრები სტამბოლის მუფტთან და ისლამური კულტურის ცენტრში

შეხვედრები სტამბოლის მუფტთან და ისლამური კულტურის ცენტრში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია სტამბოლის მარმარას უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტსა და სტამბოლის ბეიოღლუს ვაჟთა  სასულიერო სკოლა- ლიცეუმს ეწვია.

სტამბოლის მარმარას უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე ქართულ დელეგაციას ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა, დოქტორმა ალი კოშემ უმასპინძლა, მან ქართულ დელეგაციას გააცნო მარმარას უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის საქმიანობა, თეოლოგიის ფაკულტეტის სტრუქტურა და სასწავლო საგნები, ისაუბრა თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესურაზე, რომელთაგან ბევრი ქართული წარმოშობისაა. ფაკულტეტის დეკანთან ერთად, ქართულ დელეგაციას შეხვდა ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქართველ სტუდენტთაგან, რომლებიც მარმარას უნივერსიტეტში სწავლობენ, გამოითქვა წინადადებები მომავალი თანამშრომლობის კუთხით.

ქართულ დელეგაციას, ასევე, უმასპინძლა სტამბოლის ბეიოღლუს სასულიერო ვაჟთა  სკოლა- ლიცეუმის დირექტორმა, მაჰმუთ იელექმა,  სტუმრებს გააცნეს თურქეთის საგანმანთლებლო სისტემა და მსგავსი ტიპის ლიცეუმების განსაკუთრებულობა სხვა საჯარო სკოლებთან მიმართებით. რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სკოლა-ლიცეუმი, საცხოვრებელი პანსიონი და სასწავლო დარბაზები.

იმავე დღეს, ქალაქ სტამბოლში, ქართული დელეგაცია ისლამის კვლევის ცენტრს (ISAM) ეწვია, სადაც უმაღლესი დონის თეოლოგი მეცნიერები არიან გაერთიანებულები და მიმდინარეობს ისლამის მეცნიერულ დონეზე შესწავლა. ცენტრმა გამოსცა დიდი ისლამური ენციკლოპედია თურქულ და არაბულ ენებზე (სულ გამოცემულია 46 ტომი), მიმდინარეობს ინგლისური ვერსიის მომზადებაც. მასპინძელმა მხარემ სტუმრებს აცნობა, რომ ისლამის კვლევითი ცენტრი, რომელიც უშუალოდ ემორჩილება  თურქეთის რესპუბლიკის რელიგიის საქმეთა დირექტორატს,  მკვლევარებისთვის გასცემს  სტიპენდიებსაც. კველევითი ცენტრი გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალებს, გასცემენ, ასევე, სპეციალურ სერთიფიკატებს და სხვა, ცენტრში რელიგიის სააგენტოს დელეგაციას დაპირდნენ, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცემენ ისლამური ენციკლოპედიის ყველა (46) ტომს. შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ გამოითქვა სხვადასხვა წინადადებები და შენიშვნები, რომ ხსენებული აკადემიური ნაშრომის შემდეგ გამოცემებში, ინფორმაცია საქართველოს შესახებ კიდევ უფრო დაზუსტებული იყოს. შეხვედრის ბოლოს, ქართულ დელეგაციას დაათვალიერებინეს ისლამური კვლევითი ცენტრის დიდი ბიბლიოთეკა და არქივი, სადაც ათობით ათასი წიგნი და დოკუმენტური მასალა ინახება.

ვიზიტის დასასრულს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია სტუმრად ეწვია სტამბოლის მუფტს, პროფესორს, დოქტორ ჰასან ქამილ იილმაზს, სტამბოლის სამუფტოში გამართულმა შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა ზაზა ვაშაყმაძემ, მისასალმებელ სიტყვაში მოკლედ მიმოიხილა საქართველოს რელიგიური მდგომაროება, აღწერა მუსლიმი თემის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება და ისტორიული ტოლერანტობა. პასუხად, სტამბოლის მუფტმა ხაზი გაუსვა ტოლერანტობის მნიშვნელობას, დაწვრილებით ისაუბრა რელიგიური განათლების მნიშვნელობაზე ყოველგვარი ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის გავრცელების წინააღმდეგ. მხარეებმა ისაუბრეს ახალგაზრდობის ჩართულობისა და კულტურული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

ამით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი თურქეთში დასრულდა.


უკან