რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან

შეხვედრა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან

თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებში გაიმართა სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ ნუმან ქურთულმუშის შეხვედრა.

 მისასალმებელ სიტყვაში, ბატონმა მინისტრმა გამოთქვა  საქართველოსთან კულტურულ-რელიგიური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანატოლიასა და კავკასიაში არსებული ისლამი ერთობლივ ზოგადსაკაცობრიო კულტურულ სიმდიდრეს ქმნის. თავის მხრივ, რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა მინისტრს გააცნო საქართველოში მუსლიმ თემის მდგომარეობა, საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარება და მათთვის საკულტო ნაგებობების გადაცემის საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს სახელმწიფოს ჩართულობა მუსლიმური საკულტო ნაგებობების კონსერვაციისა და რესტავრაციის საკითხებში. აღინიშნა, რომ უკანასკნელ წლებში რესტავრაცია ჩაუტარდა ბევრ მეჩეთს, ნაწილს კი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და დაცულია სახელმწიფოს მიერ.

თურქეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა  გამოთქვა მზადყოფნა, ორგანიზაცია „TİKA ”-მ დახმარება გაუწიოს საქართველოში მეჩეთების რესტავრაციას, მან  აღინიშნა, რომ დღის წესრიგში დგას ოშკის რესტავრაციის საკითხი და დასძინა, რომ ერთობლივი მუშაობა  კიდევ ერთხელ გაამყარებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.

მინისტრმა წამოაყენა წინადადება, ჩატარდეს ერთობლივი კულტურის კვირეულები - საქართველოში თურქეთისა და თურქეთში საქართველოსი. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოხატა საქართველოში კულტურის კვირეულის გამართვაში მიიღოს მონაწილეობა და ორგანიზება გაუკეთოს თურქეთის  დელეგაციის წევრების შეხვედრას საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან.

დასასრულ, მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რადიკალიზმის აღმოსაფხვრელად და ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.


უკან