რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში

შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში

გრძელდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარისა და დელეგაციის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში.  5 ივნისს, საქართველოს დელეგაცია ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მსოფლიო ებრაელთა და მსოფლიო რელიგიების საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელს, აკივა თორის, ამავე ბიუროს მსოფლიო რელიგიების დეპარტამენტის დირექტორს, შარონ რეგევისა და ისრაელის ტურიზმის სამინისტროს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორს, ელიაჰუ ლიფშიცს შეხვდა.

სტუმრებს დეტალურად ესაუბრნენ ისრაელში რელიგიური მრავალფეროვნების, ასევე, არსებულ რელიგიათა სახელმწიფოსთან ურთიერთობის სისტემაზე. ხაზგასმით ითქვა, რომ ისრაელი არის ის სახელმწიფო, რომელიც  კონფესიათა შორის სტატუსქვოს შენარჩუნების მთავარ გარანტს წარმოადგენს.

სააგენტოს თავმჯდომარემ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნო რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით საქართველოში არსებული ვითარება. შეხვედრაზე დიდი მოწონება დაიმსახურა რელიგიის სააგენტოს პროექტმა საზოგადოებაში ინტერ-რელიგიური ცნობადობის ამაღლების მიზნით; კერძოდ, ინტერ-რელიგიურმა კალენდარმა და რელიგიურმა რუკამ, ასევე - ინტერ-რელიგიურმა კონფერენციამ. ზაზა ვაშაყმაძემ

ყურადღება გაამახვილა  დიასპორის საკითხებზე, განსაკუთრებით - საქართველოში მცხოვრებ ებრაულ დიასპორაზე. საქართველოს ებრაელთა კავშირის წარმომადგენლების სიტყვის შემდეგ, მასპინძლებმა გამოთქვეს სურვილი გაეცნონ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ებრაულ კულტურას და განსაკუთრებით - ებრაულ ხელნაწერებს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სადავო ნაგებობებთან დაკავშირებით არსებულ პრაქტიკას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა  სტუმრებს მისცა გარკვეული რეკომენდაციები სადავო ნაგებობებთან დაკავშირებით. სადავო ნაგებობებით სარგებლობის პრაქტიკაზე ისაუბრა ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენელმაც, მათ შორის - მაცხოვრის აღდგომის ტაძარში სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების მიერ ღვთისმსახურების განრიგის შესახებ. ტურიზმის სამინისტროს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორმა ელიაჰუ ლიფშიცმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის რელიგიური ტურიზმოს სფეროში უკვე არსებული თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

შეხვედრის დასასრულს, მასპინძლებმა რელიგიის სააგენტოს დელეგაცია „სიძულვილის ენის, ექსტრემიზმისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის” ინტერ-რელიგიურ შეხვედრაზე დაპატიჟეს, რომელიც  ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება.


უკან