რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელთან

შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელთან

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენელს, საზოგადოება „ნათივის“ ხელმძღვანელს, ნეტა ბრისკინ-პელეგსა და ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, შაბთაი ცურს შეხვდა.

            ისრაელის პრემიერის ოფისის წარმომადგენელი დაინტერესდა რელიგიის სააგენტოს შექმნის მიზნებითა და მისი ფუნქციონირებით. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს მოკლედ გააცნო სააგენტოს საქმიანობა და მისი ამოცანები, მოუთხრო სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ, კონკრეტულად - ებრაული თემის ურთიერთობაზე სააგენტოსთან. „ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და იგი გრძელდება დღესაც. რაც შეეხება სააგენტოს - ებრაულ თემს ყველა სინაგოგა გადაეცა, უახლოეს ხანში გადაეცემა ვანის სინაგოგაც, ყველა სინაგოგა მოვლილია,  ხოლო რელიგიურ დღესასწაულებს ებრაულ თემს საქართველოს მთავრობის წევრები ულოცავენ. გარდა ამისა, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, ებრაულ თემს ყოველწლიურად გარკვეული თანხა გამოეყოფა“ - აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძემ.

            ისრაელის ელჩმა, შაბთაი ცურმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს ებრაული თემის პატივისცემისათვის და მეგობრობისათვის. ისრაელის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა, ნეტა ბრისკინ-პელეგმა კი გამოხატა აღფრთოვანება სააგენტოს საქმიანობის გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ  საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს საქმიანობის თანაბარი პირობები   გააჩნიათ, ხოლო სახელმწიფო იცავს და პატივს სცემს ადამიანთა რელიგიურ უფლებებს. დღევანდელ, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებულ სამყაროში, საქართველო რელიგიათა,  სხვადასხვა კონფესიათა შორის მშვიდობიანი თანაარსებობის გზას ადგას და ამით არის სამაგალითო ქვეყანა მსოფლიოში. 


უკან