რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცელარიაში

შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცელარიაში

გრძელდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში. ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცელარიაში, სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ რელიგიის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურის, „კულტის სამსახურის" უფროსს, ოლივერ ჰენჰაპელს და თანხმლებ დელეგაციას.

            რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ვრცლად მიმოიხილა საქართველოში არსებული რელიგიური პოლიტიკა და სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები.

            ბატონმა ჰენჰაპელმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია „კულტის სამსახურის" ფუნქციონირების შესახებ. მისი თქმით, უწყება, რომელიც 1849 წლიდან ფუნქციონირებს, დიდ როლს ასრულებს ავსტრიის რელიგიური პოლიტიკის განსაზღვრაში,  მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და ახდენს რელიგიის სფეროში საკანონმდებლო აქტების ინიცირებას. მან ქართულ მხარეს გააცნო ინფორმაცია საკულტო ნაგებობების მშენებლობის, რელიგიურ ორგანიზაციათა დაფინანსების, რელიგიური განათლების, რელიგიურ ორგანიზაციათა დარეგისტრირებისა და დარეგისტრირებამდე არსებული პროცედურების შესახებ.

            ოლივერ ჰენჰაპელმა აღნიშნა, რომ ავტრიის რესპუბლიკასა და კათოლიკურ ეკლესიას შორის დადებულია კონკორდატი. ამას გარდა,   5 განსაკუთრებული კანონია მიღებული 5 რელიგიურ ორგანიზაციასთან - ევანგელურ, მართმადიდებლურ და აღმოსავლურ ქრისტიანულ ეკლესიებთან, იუდეურ თემთან მიმართებით და არსებობს  სპეციალური კანონი ისლამის შესახებ. ყველა სხვა  რელიგიურ ორგანიზაციასთან ურთიერთობა რეგულირდება ერთიანი კანონით. დღევანდელი მონაცემებით, ავსტრიაში 16 აღიარებული რელიგიური ორგანიზაციაა.

            შეხვედრის დასასრულს, ავსტრიულმა მხარემ  მოიწონა ქართველი კოლეგების მიერ განხორციელებული აქტივობები და გამოთქვა მჭიდრო თნამშრომლობის სურვილი და ინტერესი, უფრო ახლოს გაეცნოს საქართველოში რელიგიის სფეროში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. დაადასტურა მზადყოფნა,  დაეხმარონ ქართულ მხარეს საექსპერტო დონეზე  საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაში.


უკან