რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდნენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდნენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით 2 დღიანი ვიზიტით სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრნენ.

 11 ნოემბერს დელეგაცია  სახალხო დღესასწაულ „ზარზმობასთან“ (წმინდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე) დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო. ღონისძიებას ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის დეპუტატები და წმინდა სინოდის წევრები: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი -თეოდორე, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი - ლაზარე, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი - სვიმეონი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი - ანდრია, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი - გერასიმე, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი - სტეფანე, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი - დიმიტრი.

სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით მრავალი კულტურული ღონისძიება გაიმართა, აღევლინა საზეიმო წირვა სერაპიონ ზარზმელის სახელობის ტაძარში, სტუმრების წინაშე კონცერტით წარსდგნენ ადგილობრივი მომღერლები და ფოლკლორული ანსამბლები.

12 ნოემბერს ადიგენის რაიონ სოფელ მოხეში საზეიმო ვითარებაში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი და დედათა მონასტერი გაიხსნა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ. მან ადიგენის მოსახლეობასა და სტუმრებს მიულოცა ზარზმობის დღესასწაული და ტაძრის გახსნა.

ზაზა ვაშაყმაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე - „სახელწმიფოსა და ეკლესიის ურთიერთობას ოდითგანვე უმნიშვნელოვანესი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის მომავლის შექმნაში, მჭიდრო და ჰარმონიული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ პერსპექტივას წარმოშობს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა წინსვლის საქმეში.“ - განაცხადა თავმჯდომარემ.


უკან