რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

რელიგიები საქართველოში - ფოტო ალბომის პრეზენტაცია

რელიგიები საქართველოში - ფოტო ალბომის პრეზენტაცია

7 თებერვალს, სასტუმრო „ბილტმორში“,  გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალი პროექტის, ფოტოალბომის - „რელიგიები საქართველოში“ პრეზენტაცია. ამ ფორმატის ფოტოალბომი საქართველოში პირველად დაიბეჭდა, მასში თავმოყრილია საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაული თემის, ლათინ - კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის, მუსლიმანური თემის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, იეზიდთა თემის, ევანგელურ - ლუთერული ეკლესიის, სახარების ქრისტიან - ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, ევანგელურ - პროტესტანტული ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების საკულტო ნაგებობების, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სალოცავების ფოტოსურათები და რელიგიურ ლიდერთა ბიოგრაფიები.

            პრეზენტაციას ესწრებოდნენ რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

            ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ფოტოალბომი საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას ასახავს და ხაზს უსვამს ჩვენი მოქალაქეების შემწყნარებლობას განსხვავებულთა მიმართ. ამავდროულად, სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, სადაც მიმდინარეობს იქ დარჩენილი მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა, ადგილი აქვს ეთნიკურ-რელიგიურ ჩაგვრას, ირღვევა და ფეხქვეშ ითელება ადამიანის ყველა უფლება - გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და რელიგიური აღმსარებლობის განხორციელების უფლების ჩათვლით - „ჩვენთვის ცნობილია უამრავი ფაქტი, როცა, მაგალითად, ოკუპირებულ აფხაზეთში ზუგდიდის ზონიდან, ოკუპაციის კანონის ფარგლებში,  გადადიან, საკუთარ მრევლს ხვდებიან და რელიგიურ მსახურებას აღასრულებენ  კათოლიკური ეკლესიისა და ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლები. მათ მიმართ არც სოხუმს და არც მოსკოვს რაიმე პრობლემა არ აქვთ. და ეს მისასალმებელია, ეს ასეც უნდა იყოს - ნებისმიერი პოლიტიკური კონფლიქტის მიუხედავად, ადამიანებს უნდა მიეცეთ რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლად განხორციელების საშუალება. ჩვენს უკიდურეს აღშფოთებას იწვევს მხოლო ის ფაქტი, რომ ამგვარი უფლებით არ სარგებლობენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი მართლმადიდებლები. და - რა არის ეს, თუ არა ეთნიკურ-რელიგიური დისკრიმინაცია მხოლოდ და მხოლოდ ქართველების, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი მართლმადიდებლების, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურთა მიმართ? რა არის ეს, თუ არა მხოლოდ ქართველი მართლმადიდებლების ეთნიკური და რელიგიური ნიშნით გამოცალკევება, სეგრეგაცია?“ - აღნიშნა ზ. ვაშაყმაძემ.

            რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კვლავაც განახორციელებს პროექტებს, რომლებიც მიმართული იქნება საქართველოში სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების ჰარმონიული თანაარსებობისა და განვითარებისკენ.


უკან