რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა მუსლიმ თემს იფთრის ვახშამზე უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრმა მუსლიმ თემს იფთრის ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, რამაზან ბაირამთან დაკავშირებით საქართველოს მუსლიმ თემს იფთრის ვახშაზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა მათ რამაზანის თვე მიულოცა, კეთილდღეობა, სიკეთე და მშვიდობა უსურვა.

ვახშამს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, სოზარ სუბარი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, თორნიკე, რიჟვაძე ასევე, საქართველოს მუსლიმთა შეიხი, რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი, ბეგლარ ქამაშიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული მუსლიმური სახელმწიფოების ელჩები დაესწრნენ.

ზაზა ვაშაყმაძემ მუსლიმ თემს რამაზანის თვის დადგომა მიულოცა, მისი განცხადებით იფთრის ვახშამი, რომელიც პრემიერ-მინისტრის მასპინძლობით უკვე მეექვსედ იმართება, ტრადიციად დამკვიდრდა, იგი ნათლად წარმოაჩენს საქართველოს მუსლიმი თემის მნიშვნელობას და სახელმწიფოს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მის მიმართ.

სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტების: მუსლიმი თემის დაფინანსების, მეჩეთებისა და სამლოცველოების გადაცემის, საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და პენიტენციალურ სისტემაში სალოცავი ოთახების მოწყობის, ასევე, სხვადასხვა ჰუმანიტარული, სამედიცინო და ინტერ-რელიგიური აქციის შესახებ საქართველოს რეგიონებში.

ზაზა ვაშაყმაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუსლიმი თემის წინაშე არსებული გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, პრემიერ-მინისტრის დავალებით აქტიურად აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით.


უკან