რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

მოხეს კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო

მოხეს კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო

11 მაისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, გაიმართა „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“  (მოხეს კომისია) სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, დასავლეთ საქართველოს მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე,  დასავლეთ საქართველოს სამუფთოს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ოთარ ნადირაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის  ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი,  ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის  ეპარქიის ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი.

კომისიის წევრებმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომელშიც ნათქვამია:

  1. კომისიის 2016 წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად,  სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი სოფელ მოხეში (საკადასტრო კოდი # 61.01.21.252) მასზე მეჩეთის მშენებლობის მიზნით.
  2. ე. წ. „მოხეს შენობა“ შევიდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში (ბრძანება # 2/45; 2017 წლის 1 მაისი), როგორც „სადავო ნაგებობა“.
  3. „სადავო ნაგებობა“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებიდან გადავა სახელმწიფოს საკუთრებაში (სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო), საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის.
  4. ეთხოვოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, იმოქმედოს „სადავო ნაგებობის“ დაცვის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად.
  5. ეთხოვოს ადგილობრივ ხელისუფლებას, შესაძლებლობის ფარგლებში, დაეხმაროს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სოფელ მოხეში მეჩეთის მშენებლობის საქმეში.
  6. ეთხოვოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, მოამზადოს რეკომენდაციები და კოორდინაცია გაუწიოს კომისიის წინამდებარე გადაწყვეტილების განხორციელებას.

      7. კომისიის მიზნის მიღწევასთან დაკავშირებით, გაუქმდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისია“. 


უკან