რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

კონფერენცია

კონფერენცია "ინტერ-რელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის"

15 ნოემბერს,  დღის 12 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გამართა „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ II კონფერენცია, თემაზე - „რელიგიური ტოლერანტობა საქართველოში“.

            კონფერენცის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

            კონფერენციის მიზანი გახლდათ საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის ამაღლება. მონაწილეებს მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოში ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის არსებობას და გამოვიდა ინიციატივით - ქართულ შემწყნარებლობის (ტოლერანტობის) ტრადიციას, როგორც ფასეულობას, საქართველოში მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

            კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, ირანს ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში სეიდ ჯავად ყავამშაჰადისიმ. 

            რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა - სრულიად საქართველოს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, რაბინმა  რახამინ მურდუხაშვილმა, საქართველოს იეზიდთა  სასულიერო საბჭოს წინამძღვარმა დიმიტრი ფირბარმა, სრულიად საქართველოს  მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა, რევაზ მიქელაძემ,  სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა,   ლათინ   კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის  პასტორმა ჩარლზ ჰობლიცმა, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის უფროსმა პასტორმა   შმაგი ჭანკვეტაძემ, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა მერაბ გაფრინდაშვილმა, საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების  კავშირის ხელმძღვანელმა  გია კანდელაკმა, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა   იოსებ კაპანაძემ ისაუბრეს საქართველოში შემწყნარებლობის ტრადიციაზე, იმ გამოცდილებაზე, რაც ამ თვალსაზრისით გააჩნიათ თავად რელიგიურ ორგანიზაციებს, მიღწევებსა და არსებულ პრობლემებზე.

            კონფერენციის საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული უნივერსიტეტების პროფესორები, რომლებთანაც რელიგიის სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა გოდერძი თევდორაძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა შოთა  ჯიჯიეშვილმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ჩოჩიშვილმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ხუროშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ნუგზარ ბარდაველიძემ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  პროფესორმა ალექსანდრე რუსეცკიმ სამეცნიერო მასალაზე დაყრდნობით, წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რელიგიური ტოლერანტობის ამსახველი კონკრეტული ისტორიული თუ თანამედროვე მაგალითები და ის პრობლემები, რაც  ამ თვალსაზრისით აწუხებს საზოგადოებას.

                        ტოლერანტობა - შემწყნარებლობა,  საქართველოსათვის ის ერთ-ერთი  ფუნდამენტური ფასეულობაა, რომელმაც, ერთი მხრივ,   საშუალება მისცა  ჩვენი   ქვეყნის  სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური მოსახლეობას სამშობლოდ აღექვა საქართველო და მეორე მხრივ, უზრუნველეყო სწორედ ამ ქვეყანაში მათი დამოუკიდებელი განვითარება და უნიკალური იდენტობის შენარჩუნება  ქართველ ერთან ასიმილაციის  გარეშე - ასეთია, ძირითადად, კონფერენციის სულისკვეთება.


უკან