რწმენა თავისუფლების აქტია!

დოკუმენტი

საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია

საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების

სტრატეგია

 

2015 წელი

                                                                             

 

პრეამბულა

 

საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომელიც საქართველოში არსებული რელიგიური მდგომარეობისა და რელიგიის სფეროს მარეგულირებელი ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს საქართველოში სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკისა და რელიგიის სფეროს მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის განვითარების მიმართულებებს და აყალიბებს შესაბამის სტრატეგიულ ხედვებს, მიზნებსა და პრინციპებს.                                  

 

 

შესავალი

ა) საქართველო არის მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტული ტრადიციებისა და კულტურის მქონე მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური სახელმწიფო. რელიგიური მრავალფეროვნება და საზოგადოების მაღალი რელიგიური თვითიდენტიფიკაცია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტორია.

საქართველოს რელიგიურ მრავალფეროვნებას ქმნიან შემდეგი ძირითადი რელიგიური ჯგუფები:

  • მართლმადიდებელი - 3 666 233 (83,9%), 
  • მუსლიმი - 433 784 (9,9%),
  • სომხური სამოციქულო ეკლესის წევრი - 171 139 (3,9),
  • კათოლიკე - 34 727 (0,8%),
  • იუდეველი - 3 541 (0,1%),
  • სხვა - 33 468 (0,8%),
  • არც ერთი - 28 631 (0,6%).[1]

სხვადასხვა სტატისტიკური კვლევებით[2] სხვა რელიგიური ჯგუფები:

  • ეზიდი - 30 000 (0,7%),
  • იეჰოვას მოწმე - 15 000 (0,3%),
  • ბაპტისტი - 6 000 (0,1%),
  • ორმოცდაათიანელი  - 5 000 (0,1%),
  • მალაკანი - 2 000 (0,04%),
  • დუხობორი - 1 500 (0,03%),
  • „ხსნის არმიის“ წევრი - 800 (0,02%),
  • ლუთერელი - 700 (0,01%),
  • „ახალსამოციქულო ეკლესიის“ წევრი - 700 (0.01%),
  • ბაჰაიტი - 500 (0,01%),
  • მე–7 დღის ადვენტისტი  - 400 (0,0%),
  • კრიშნაიტი - 200 (0,0%),
  • სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელი - მაქს. 300 (0,0%).

წინამდებარე მონაცემების თანახმად საქართველოში არსებული ძირითადი (მართლმადიდებელი) და ტრადიციული (კათოლიკე, სომხური სამოციქულო ეკლესია, იუდეველი და მუსლიმი) რელიგიური ჯგუფები მოსახლეობის 98,6% შეადგენს.

ბ) საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებულია რამდენიმე ათეული რელიგიური გაერთიანება. გაერთიანებათა ნაწილი რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ), (სულ 36 გაერთიანება, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ჩათვლით), ნაწილი - არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად (ა(ა)იპ), (ზუსტი რიცხვის დადგენა რთულია, რადგან ა(ა)იპ-ად რეგისტრირებულია როგორც რელიგიური გაერთანებები, ასევე რელიგიური არასამთავრობო ორგანიზაციები).

გ) საქართველოში რელიგიის სფეროს განსაკუთრებულ მახასიათებლებს წარმოადგენს:

  • კონფესიათა შიდა ეთნიკური მრავალფეროვნება (მაგალითად: მუსლიმთა რელიგიური ჯგუფი აერთიანებს ქართველ, აზერბაიჯანელ, ქისტ, ლეკ და სხვა მუსლიმებს აერთიანებს);
  • ერთი რელიგიური ორგანიზაციის ფარგლებში განსხვავებული დოქტრინული მიმართულების რელიგიური ჯგუფების გაერთიანება (მაგალითად: სსიპ - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო აერთიანებს საქართველოში მცხოვრებ შიიტ და სუნიტ მუსლიმებს);
  • საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში რელიგიური ჯგუფების იმგვარი გეოგრაფიული განლაგება, როცა მათ ანალოგიური ეთნიკური (მაგ.; სამცხე-ჯავახეთის სომხურ თემს ესაზღვრება სომხეთი, ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ თემს - აზერბაიჯანი და ა.შ.) ან რელიგიური  (აჭარის ქართველ მუსლიმთა თემს ესაზღვრება მუსლიმური თურქეთი და ა.შ.) კუთვნილების მქონე ქვეყნები ესაზღვრებათ.

აღნიშნული მდგომარეობა საქართველოს სახელმწიფოს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ ამოცანებს უყენებს;  კერძოდ: თავიდან აირიდოს მეზობელი, რეგიონის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ-რელიგიური მრავალფეროვნების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში საკუთარი ინტერესების დაფიქსირების მცდელობა. 

დ) უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში ვერ მოხერხდა მწყობრი, მიზანმიმართული რელიგიური პოლიტიკის ჩამოყალიბება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება. პრობლემის არეალი დავიწროვდა და მარტოოდენ რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვას ითვალისწინებდა, მაშინ, როცა ამავდროულად, რელიგიური ჯგუფების ინტერესების დაცვასთან ერთად, აუცილებლად უნდა მოიცავდეს ქვეყნის საშინაო და საგარეო უსაფრთხოების დისკურს.

ე) საქართველოში დღემდე არ არსებობდა შესაბამისი სახელმწიფო უწყება, რომელიც რელიგიური პროცესებისა და სახელმწიფო ინტერესების პროფესიული, ღრმა და კომპეტენტური ანალიზის საფუძველზე სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკისა და რელიგიის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის განვითარების ძირითად მიმართულებებს ჩამოაყალიბებდა. სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნებით სახელმწიფომ რელიგიის სფეროსადმი სწორედ, კომპეტენტური და პროფესიული მიდგომა გამოავლინა. სააგენტოს შექმნამდე შესაბამისი საკითხები  სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებზე იყო გადანაწილებული, რაც მათ რეგულირებას აფერხებდა და სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის სფეროსადმი არასათანადო დამოკიდებულებასაც  წარმოაჩენდა.

 

 

სტრატეგიის მიზანი  

ა) საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის მიზანია:

  1. საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის რელიგიური უფლებებითა და თავისუფლებებით თანაბარი და სრულყოფილი სარგებლობის უზრუნველყოფის სამართლებრივი მექანიზმების განსაზღვრა;
  2. რელიგიის ან რწმენის საფუძველზე დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის სამართლებრივი მექანიზმების განსაზღვრა;
  3. რელიგიის სფეროს რეგულირებაში, ურთიერთგამიჯვნისა და ავტონომიურობის პრინციპების დაცვით, სახელმწიფოს ლეგიტიმური მონაწილეობის ფორმის განსაზღვრა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკური ხედვის წარმოჩენა;
  4. საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივი მდგომარეობისა და საქმიანობის ხელშეწყობისთვის სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების განსაზღვრა;
  5. რელიგიის სფეროს მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის სისტემური და კომპლექსური ჩამოყალიბების, გადახედვისა და სრულყოფის ფუძემდებლური პრინციპების განსაზღვრა;
  6. რელიგიის სფეროს მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების ცხოვრებაში განხორციელების მექანიზმების განსაზღვრა;
  7. ზოგადი განათლების ერთიან სისტემაში შემავალ საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სკოლებში) „რელიგიის საგნის“[3] ინტერრელიგიური აკადემიური სწავლების მიზანშეწონილობისა და ფორმის განსაზღვრა;
  8. შესაბამის ინსტიტუციებში რელიგიური წარმომადგენლობის („კაპელანის ინსტიტუტის“) ფორმირების მიზანშეწონილობისა და ფორმის განსაზღვრა;
  9. რელიგიურ ნიადაგზე განვითარებული კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ქმედითი და ეფექტური მექანიზმების განსაზღვრა.
  10. საქართველოს კონსტიტუცით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და ცხოვრებაში განხორციელების მექანიზმების განსაზღვრა;

ბ) გაცნობიერება იმისა, რომ რელიგიის თავისუფლება წარმოადგენს არა მხოლოდ უფლებებისა და თავისუფლებების სივრცეს, სადაც უფლებებით აღჭურვილია ექსკლუზიურად ერთი რომელიმე სუბიექტი (სუბიექტები), ხოლო მოვალეობებით - სხვა, არამედ, აღიარებასა და სოლიდარობაზე დაფუძნებულ პასუხიმგებლობითი ურთიერთობის სივრცეს. რელიგიის სფერო მოიცავს მრავალგვარ ურთიერთობებს და აერთიანებს განსხვავებულ და მრავალფეროვან სუბიექტებს, რომლებიც მასში მონაწილეობენ სხვადასხვა სახით, საკუთარი დამოკიდებულების, კომპეტენციის, უფლებამოსილებისა და მასშტაბების მიხედვით. სახელმწიფო ამ ურთიერთობებში მონაწილე სუბიექტთა შორის მხოლოდ ერთ-ერთია. ამდენად, რელიგიის სფეროში ჯანსაღი ურთიერთობების უზრუნველყოფა ვერ მოხერხდება მხოლოდ სახელმწიფოს აქტიური ან პასიური მონაწილეობით. უმთავრესი როლის შესრულება, ამ მიმართულებით, სახელმწიფოს გარდა, უნდა შეძლოს თითოეულმა ადამიანმა და რელიგიურმა ჯგუფმა. განსაკუთრებული სიკეთის შექმნა კი, რელიგიურ უმცირესობებთან და ცალკეულ ადამიანებთან ერთად, საქართველოში არსებულ ძირითად და ტრადიციულ რელიგიებს შეუძლიათ.

 

 

სტრატეგიის პრინციპები

ა) საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის სახელმძღვანელო პრინციპებია:

  1. საქართველოს სახელმწიფო წარმოადგენს საერო სახელმწიფოს, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებთან და რელიგიურ ჯგუფებთან ურთიერთობს გამიჯნულობის, ურთიერთდამოუკიდებლობისა და რელიგიურ გაერთიანებათა ავტონომიურობის პრინციპების დაცვით;
  2. რელიგიის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა იყოფა ორ ძირითად ნაწილად: ადამიანის რელიგიური უფლებები და რელიგიური გაერთიანებების საქმიანობის სამართლებრივი რეგულირებები;
  3. ადამიანის რელიგიური უფლებები აერთიანებს რელიგიის თავისუფლების შინაგან (forum internum) და რელიგიის თავისუფლების გარეგან (forum externum) ასპექტებს, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს დამოუკიდებელ სამართლებრივ კატეგორიას და ერთმანეთისაგან განსხვავდება თავისუფლების აბსოლუტური (შინაგანი ასპექტი) და შეზღუდვადი (გარეგანი ასპექტი) ფორმებით;
  4. რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა ხორციელდება მსგავსი სტატუსის მქონე სუბიექტთა თვითმყოფადობის აღიარებითა და სახელმწიფოს ერთიან საჯარო პოლიტიკაში მათი სათანადო ინტეგრაციული მონაწილეობის უზრუნველყოფით;
  5. რელიგიურ გაერთანებათა სამართლებრივი მდგომარეობა უნდა ეფუძნებოდეს მათ ლეგიტიმურ ინტერესებსა და ობიექტურ მდგომარეობას, რაც, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, არ გამორიცხავს მათთვის კანონის წინაშე თანასწორი, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავებული სამართლებრივი სტატუსების უზრუნველყოფას;
  6. სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების მიმართ ქონებრივი, ფინანსური და მატერიალური დახმარება უნდა ყალიბდებოდეს ერთიანი სისტემით და უნდა უკავშირდებოდეს მათ სამართლებრივ სტატუსებს;
  7. სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური განათლების  ხელშეწყობა გულისხმობს მრავალფეროვან საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტიას, რაც მიიღწევა განსხვავებული რელიგიური ჯგუფების ურთიერთინფორმირებით, ერთმანეთის მიმართ გაუცხოებისა და შიშების დაძლევით.
  8. სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური პოლიტიკის განვითარების ერთიანი სტრატეგია თანაბრად უნდა ითვალისწინებდეს როგორც რელიგიის სფეროს განსაკუთრებულ მგრძნობელობასა და თავისუფლების მაღალ ხარისხს, ასევე, სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესებსა და უფლებებს.

 

 

რელიგიის სფეროს მარეგულირებელი

ეროვნული კანონმდებლობა

ა) საქართველოს კანონმდებლობა რელიგიური უფლებებისა და რელიგიური ურთიერთობების რეგულირების ნაწილში შედგება შემდეგი ძირითადი აქტებისგან:

  1. საქართველოს კონსტიტუცია (1995 წ.);
  2. კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის (2002 წ.);
  3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (1997 წ.);
  4. საქართველოს საგადასახადო კოდექსი (2010 წ.);
  5. საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ (2005 წ.);
  6. საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ (2004 წ.);
  7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წ.).
  8. საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (2014 წ.)

ბ)        1. საქართველოს კონსტიტუცია (1995 წ.) განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის სამართლებრივი ურთიერთობების საფუძვლებსა და ფორმას (მუხ. 9), ადგენს აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას (მუხ. 19) და ადგენს ადამიანთა და მოქალაქეთა თანასწორობას კანონის წინაშე, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა (მუხ. 14, 38).

2. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება (2002 წ.) განსაზღვრავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივ სტატუსს, მის უფლებებსა და საქართველოს სახელმწიფოსთან სამართლებრივი ურთიერთობების საფუძვლებსა და ფორმას.

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (1997 წ.) განსაზღვრავს რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესსა და პირობებს (მუხ. 1509, 15091).

4. საქართველოს საგადასახადო კოდექსი (2010 წ.), საგადასახადო მიზნებიდან გამომდინარე, განმარტავს  რელიგიური საქმიანობის შინაარსს (მუხ. 11), რელიგიური ორგანიზაციის შინაარსს (მუხ. 33), რელიგიურ საქმიანობას განმარტავს, არაეკონომიკურ საქმიანობად (მუხ. 9), რელიგიურ გაერთიანებებს ათავისუფლებს ქონების გადასახადისგან (მუხ. 206, 30) და ადგენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (საქართველოს საპატრიარქოს) გარკვეული საქმიანობის სხვადასხვა გადასახადებისგან განთავისუფლების წესს (მუხ. 99, 168), ასევე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ათავისუფლებს საბაჟო კონტროლისაგან (მუხ. 219).

5. საქართველოს კანონით ზოგადი განათლების შესახებ (2005 წ.) სახელმწიფო უზრუნველყოფს საჯარო სკოლების დამოუკიდებლობას რელიგიური გაერთიანებებისაგან (მუხ. 3), ადგენს ნეიტრალურობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპს და კრძალავს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენებას (მუხ. 13); ასევე, კრძალავს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნებით განთავსებას და ადგენს მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების გარანტიებს  (მუხ. 18).

6. საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ (2004 წ.) განსაზღვრავს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების არსს (მუხ. 2) და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების წესსა და აკადემიური პროცესის მართვას (თავი IV1, მუხ. 894,895,896), ასევე, განსაზღვრავს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების პროგრამებს (მუხ. 475, 565).

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წ.) რელიგიური კუთვნილების ნიშნით დანაშაულის ჩადენას განსაზღვრავს დამამძიმებელ გარემოებად (მუხ. 53), ხოლო დანაშაულად განსაზღვრავს შემდეგ ქმედებებს: ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას მათი რელიგიისადმი დამოკიდებულების ან აღმსარებლობის ნიშნით (მუხ. 142), ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას (მუხ. 155), ადამიანის დევნას აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით (მუხ. 156), რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლას (მუხ. 166), ისეთი რელიგიური გაერთიანების შექმნას, რომლის საქმიანობას თან ერთვის ძალადობა ადამიანის მიმართ, ანდა ასეთი გაერთიანების ხელმძღვანელობას (მუხ. 252) და მძევლად ხელში ჩაგდებას რელიგიური ორგანიზაციის იძულების მიზნით (მუხ. 329).

8. საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (2014 წ.), საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად, წარმოადგენს რელიგიის ან რწმენის ნიშნით დისკრიმინაციაზე რეაგირების დამატებით მექანიზმს. კანონი მოიცავს პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის შინაარსს და დისკრიმინაციას განმარტავს, როგორც სუბიექტის არახელსაყრელ მდგომარეობას ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა სუბიექტებთან შედარებით, ან არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ სუბიექტთა გათანაბრებას.

გ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ცალკეული ნორმები იცავს რელიგიის თავისუფლებას სხვადასხვა სფეროებში, როგორებიცაა: სამედიცინო, სასჯელაღსრულების, შრომის,  სამხედრო სამსახურის, სისხლის სამართლის პროცესის, საარჩევნო-პოლიტიკურისა და ა.შ.

) საქართველოში არ არსებობს სპეციალური კანონი „რელიგიის შესახებ“,[4] რის გამოც ქართული კანონმდებლობა მოკლებულია ზოგადი ხასიათის სამართლებრივი ნორმების არსებობას. არსებული ნორმები ან კერძო ხასიათისაა და ვერ მოიცავს უფლებებისა და ურთიერთობების მთელ სპექტრს, ან უსისტემოდაა გაბნეული და ვერ ქმნის ერთიან კანონმდებლობას.

            მაგალითად: კანონმდებლობა ადგენს „რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციის წესს“, მაგრამ არ განმარტავს „რელიგიური გაერთიანების“, როგორც სამართლებრივი კატეგორიის, შინაარსს, ან განმარტავს ვიწრო მიზნებისთვის.

შესაბამისად, აუცილებელია შეიქმნას სპეციალური კანონი „რელიგიის შესახებ“, რომელიც გააერთიანებს ორ ძირითად ნაწილს - 1. ადამიანის რელიგიური უფლებებისა და 2. რელიგიური გაერთიანებების საქმიანობის სამართლებრივ რეგულირებებს, განმარტავს ყველა ზოგად სამართლებრივ კატეგორიას (მათ შორის, „რელიგიური გაერთიანების“ ცნებას), განსაზღვრავს ზოგად სამართლებრივ რეგულაციებს, მათ შორის, რელიგიურ გაერთიანებათა რეგისტრაციის წესს, სამართლებრივ სტატუსებს, უფლება-მოვალეობებს, საქმიანობის წესს, ქონებრივ და ფინანსურ საკითხებს, რელიგიისა და განათლების საკითხებს, რელიგიური წარმომადგენლობის („კაპელანის“) და სხვა საკითხებს.

 

რელიგიის სფეროს მარეგულირებელი

საერთაშორისო კანონმდებლობა

ა) საქართველო მიერთებულია რიგ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, რომლებიც ქმნიან რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივ გარანტიებს.

1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (ევროკონვენცია. 1950 წ. რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წელს) განსაზღვრავს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების არსს და ადგენს მისი გამოხატვის რეგულირებას (მუხ. 9), ამასთან, წარმოადგენს მოქმედ სამართალს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსთვის, რითაც უზრუნველყოფილია მოცემული თავისუფლებით სრულყოფილი სარგებლობის შესაძლებლობა;

2. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (1966/1976 წწ.. საქართველო მიერთებულია 1994 წლიდან) განსაზღვრავს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების არსს და ადგენს მისი გამოხატვის რეგულირებას, ასევე, განსაზღვრავს მშობელთა და კანონიერ მეურვეთა თავისუფლებას უზრუნველყონ საკუთარი ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა საკუთარი მრწამსის შესაბამისად. (მუხ. 18);

3. კონვენცია განათლების სფეროში დისკრიმინაციის წინააღმდეგ (1960/1962 წწ. საქართველო მიერთებულია 1993 წლიდან) განსაზღვრავს განთლების პროცესში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და რელიგიურ განათლებაზე ბავშვების წვდომის უფლებას (მუხ. 5).

ბ) საქართველო მიერთებულია სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებსაც, რომლებიც ქმნიან რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სხვადასხვა სფეროს დაცვის საერთაშორისო სამართლებრივ გარანტიებს.

 

 

ადამიანის რელიგიური უფლებები

ა) რელიგიისა და რწმენის თავისუფლება წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას. ამ უფლებით თანაბრად და სრულად სარგებლობა არ უკავშირდება მოქალაქეობას ან სხვა სამოქალაქო თუ პოლიტიკურ სტატუსს. ეს უფლება სრულად უნდა იქნას დაცული ნებისმიერი ადამიანის მიმართ, მიუხედავად მისი რელიგიური კუთვნილებისა, მიუხედავად იმისა, თუ რა ობიექტური ან სამართლებრივი მდგომარეობა უკავია იმ რელიგიურ გაერთიანებას, რომელსაც კონკრეტული პირი მიეკუთვნება.

ბ) რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, როგორც შინაგანი უფლება, წარმოადგენს აბსოლუტურ სამართლებრივ კატეგორიას, რომელიც არ შეიძლება რაიმე ფორმით შეიზღუდოს ან დაწესდეს რაიმე სახის განსხვავება ამ უფლებით მოსარგებლეთათვის. რელიგიის ან რწმენის საფუძვლით დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა აკრძალულია.

გ) რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, როგორც გარეგანი უფლება, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივ კატეგორიას და რიგ შემთხვევებში  ექვემდებარება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გარკვეულ შეზღუდვებს. საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ საქართველოს კონსტიტუცია (1995 წ.) იცნობს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვის ერთადერთ  საფუძველს - სხვათა უფლებების შელახვას (მუხ. 19(3)).  

დ) რელიგიის ან რწმენის ნიშნით დისკრიმინაცია თანამედროვე ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნულს, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დოკუმენტით -  საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია - 2014-2020 წლებისთვის. დოკუმენტში აღნიშნულია:

          „11. რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების უზრუნველყოფა

მიზანი

რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების უზრუნველყოფა, რომლითაც დაცული იქნება როგორც მათი შინაგანი თავისუფლება, ისე გამოხატვის შესაძლებლობები.

ამოცანები

ა) ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისა და მისი შედეგების აღმოსაფხვრელად;

ბ) რელიგიური გაერთიანებებისათვის საკუთარი საქმიანობის შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;

) ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების მიზნით.“ (გვ: 16)

ე) რელიგიურ ნიადაგზე განვითარებული კონფლიქტების პრევენცია და მათზე რეაგირება სახელმწიფოს პირველად ვალდებულებას წარმოადგენს. მსგავსი კონლიქტები საფრთხეს უქმნის პლურალიზმზე დამყარებულ მრავალფეროვან საზოგადოებაში განსხვავებულ ჯგუფთა მშვიდობიან თანაცხოვრებას და შემწყნარებლობისა და სოლიდარობის სულისკვეთების დამკვიდრებას. პრევენციული მეთოდების გამოყენების თვალსაზრისით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ინფორმირებულობისა და განათლების უზრუნველყოფას გულისხმობს. აკადემიური, სისტემური და ნეიტრალური განათლება, ისევე, როგორც საზოგადოების ინფორმირების სხვა საშუალებები, დაძლევს განსხვავებულ ჯგუფთა შორის ერთმანეთის უცოდინრობის, ან სტერეოტიპული ცოდნის გამო წარმოშობილ მიუღებლობასა და შიშებს. კონფლიქტებზე რეაგირების მიმართულებით სახელმწიფოს სამართალდაცვითი საქმიანობის გააქტიურება უზრუნველყოფს დაცული გარემოს შექმნას.

ვ) რელიგიური უმცირესობები საქართველოს საზოგადოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. მათ განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. სახელმწიფო არ უნდა ახდენდეს აქტიურ გავლენას საზოგადოებაში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე, რაც გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან ისეთ ქმედებებს, რომლებიც უმრავლესობასა და უმცირესობებს შორის არსებულ ბუნებრივ განსხვავებას მოშლიდა. სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს კანონის წინაშე ადამიანთა და მოქალაქეთა თანასწორობის უზრუნველყოფა. ამდენად, დაუშვებელია კანონის წინაშე თანასწორობის დარღვევა რომელიმე პირის (ჯგუფის) უმრავლესობისადმი ან უმცირესობისადმი კუთვნილების ნიშნით.

 

რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესი

და სამართლებრივი სტატუსები

ა) საქართველოში რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესსა და სამართლებრივ სტატუსებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (მუხ. 15091):

„1. რელიგიური გაერთიანებები შეიძლება დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ზღუდავს რელიგიური გაერთიანებების უფლებას, დარეგისტრირდნენ, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი.

მოცემული რეგულაციით რელიგიური გაერთანებებისთვის შეთავაზებულია სამი სახის სამართლებრივი სტატუსი:

  1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
  2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
  3. არარეგისტრირებული კავშირი.

რეგისტრაციის წესი და საფუძვლები იმდენად უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ საერთო ჯამში არ ქმნის განსხვავებული უფლებებისა და მოვალეობების შემცველ სამართლებრივ სტატუსებს.

ბ) საქართველოს რელიგიური შემადგენლობა და რელიგიური გაერთიანებების არსებული ფორმები ითხოვს კომპლექსურ და სისტემურ მიდგომას. მნიშვნელოვანია, რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივი სტატუსები იმგვარად განისაზღვროს, რომ სამართლებრივი სტატუსი უშუალოდ გამომდინარეობდეს გაერთიანების ობიექტური მდგომარეობიდან, რაც, თავის მხრივ, არ გამორიცხავს გარკვეული დიფერენცირებულობის არსებობას.

რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაცია უნდა იყოს თავისუფალი და დამოკიდებული რელიგიური ჯგუფის არჩევანზე. თუმცა, უნდა განსხვავდებოდეს რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებების და არარეგისტრირებული რელიგიური ჯგუფების სამართლებრივი მდგომარეობა. ყველა შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს რელიგიური ჯგუფის გაერთიანებისა და თვითორგანიზების უფლება.

რელიგიურ გაერთანებათა რეგისტრაცია, საქმიანობა და სახელმწიფოსთან ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს და რელიგიური გაერთიანებების ავტონომიურობის პრინციპს.

 

 

რელიგიური გაერთიანებების

ქონება და ფინანსები

) რელიგიურ გაერთიანებათა ფინანსური საკითხების სამართლებრივი რეგულირება, არსებული კანონმდებლობის თანახმად, სისტემურად ორგანიზებული არ არის. არ არსებობს რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო დაფინანსების ობიექტური კრიტერიუმები, საფუძვლები და მოცულობა.

რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი საკითხები, საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობათა მშენებლობის რეგულირება, არსებულ  საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და სხვა სახის უძრავ-მოძრავ ქონებაზე საკუთრების, სარგებლობისა და მფლობელობის უფლებების სამართლებრივი რეგულაციები არ განსხვავდება ზოგადად არსებული წესებისგან.

ბ) რელიგიური ურთიერთობების განსაკუთრებული ხასიათი და სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯნვის პრინციპი ფინანსური და ქონებრივი საკითხების განსხვავებულ სამართლებრივ რეგულირებას საჭიროებს:

  • უნდა განისაზღვროს რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების ზოგადი წესი (დაფინანსების ოდენობა, ჯერადობა, ხანგრძლივობა საფუძვლები, მიზნობრიობა,  და ა.შ.);
  • უნდა განისაზღვროს საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობათა აშენებისა და ფლობის წესი;
  • უნდა მოწესრიგდეს საკულტო-რელიგური დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე რელიგიურ გაერთიანებათა საკუთრების, სარგებლობისა და მფლობელობის უფლება;
  • უნდა შეიქმნას საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგობებათა  მონაცემთა ერთიანი ბაზა და ა.შ.

რელიგიური გაერთიანების ფინანსური და ქონებრივი საკითხების სამართლებრივი რეგულირება  უნდა უკავშირდებოდეს რელიგიური გაერთიანების სამართლებრივ სტატუსს.

გ) განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ე.წ. „სადავო ტაძრების“ საკითხი. წლების განმავლობაში შექმნილმა სპეციალურმა და უწყებათაშორისმა კომისიებმა ვერ შეძლეს აღნიშნული საკითხის ადეკვატურად გადაჭრა. აუცილებელია ჩამოყალიბდეს  მრავალმხრივი ქმედითი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც საექსპერტო (საექსპერტიზო) მოკვლევის (ნაგებობის წარმომავლობისა და კონფესიური კუთვნილების დადგენა და სხვ.), ასევე, ნაგებობათა საკუთრებაში (სარგებლობაში, მფლობელობაში) გადაცემის პროცესს. სასურველია, ნებისმიერი სადავო თემა, შესაძლებლობის ფარგლებში, საბოლოოდ გადაწყდეს.

დ) შესაბამის სახელმწიფოებთან დიპლომატიური და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით უნდა დარეგულირდეს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ქართული საკულტო და რელიგიური ნაგებობების სამართლებრივი სტატუსი და პირიქით, უნდა განისაზღვროს უცხო ქვეყნების უფლებები საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი ნაგებობების აშენების ან ფლობის (საკუთრების, სარგებლობის) თაობაზე.

კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის (2002 წ) განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას ამ მიმართულებით: „სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.“ (მუხ. 10)

ე) რელიგიური გაერთიანებების ქონებრივი და ფინანსური საჭიროებების კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რელიგიური გაერთიანებების მიერ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში განცდილი ზიანის კომპენსაციის საკითხს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში რელიგიური გაერთიანებების მიერ განცდილი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ ვალდებულებას, საქართველოს სახელმწიფო, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე და რელიგიური გაერთიანებების მიმდინარე ქონებრივი და ფინანსური საჭიროებების გათვალისწინებით, ქმნის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში დაზარალებული რელიგიური გაერთიანებებისათვის მიყენებული ზიანის (რომლის ზუსტი ოდენობაც უცნობია) სიმბოლური ანაზღაურების მექანიზმს.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N117 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესი“. მთავრობის დადგენილების თანახმად ზიანი აუნაზღაურდებათ საქართველოში ამ დადგენილების მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებებს. რამდენადაც საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებებს არ აქვთ სამართლებრივი კავშირი საბჭოთა რეჟიმის დროს დაზარალებულ რელიგიურ გაერთიანებებსა და თემებთან, საქართველოს მთავრობა ზიანს აუნაზღაურებს იმ რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც აღიარებს იმავე რელიგიურ მოძღვრებას და/ან მას აქვს აღმსარებლობითი მემკვიდრეობა დაზარალებული რელიგიური გაერთიანებებისაგან.

2014 წელს რელიგიური გაერთიანებებისთვის ზარალის ანაზღაურების ფარგლებში გასაცემი თანხა განისაზღვრა 1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდა ათი ათასი) ლარის ოდენობით (საქართველოს მთავრობის განკარგულება N1942. 30.10.2014), ხოლო 2015 წლისთვის 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით (საქართველოს კანონი საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ. 12.12.2014).

 

რელიგია და განათლება

რელიგიისა და განათლების საკითხი ორი ასპექტისგან შედგება: 1. რელიგიური (სასულიერო) განათლება და 2. რელიგიის სწავლება საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ა) საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ (2005 წ.) საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიის სწავლების წესს არ განსაზღვრავს. კანონი იცავს მხოლოდ მოსწავლეთა უფლებას, არ მოექცნენ ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის ქვეშ (მუხ. 13). კანონით, ასევე, აკრძალულია სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლიკის განთავსება არააკადემიური მიზნებით (მუხ. 18).

ბ) საქართველოში არსებული რელიგიური მრავალფეროვნება და რელიგიისადმი მოსახლეობის მაღალი ინტერესი აუცილებლად ითხოვს რელიგიების შესახებ ნეიტრალური და ობიექტური ინფორმაციის არსებობას და მასზე წვდომის უზრუნველყოფას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა საჯარო სკოლებში ისწავლებოდეს „რელიგიის საგანი“[5], რომელიც გააერთიანებს როგორც ადამიანის რელიგიურობისა და რწმენის ფენომენების, ასევე კონკრეტული რელიგიების დოქტრინალურ, ისტორიულ და კულტუროლოგიულ კომპონენტებს. შედეგად, აკადემიურად მიღებული ცოდნა აღმოფხვრის საზოგადოებაში არსებულ, სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს და უსაფუძვლო ფობიებს.

გ) რელიგიური (სასულიერო) განათლების უფლება რელიგიის თავისუფლებით დაცული სიკეთეა. შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულებები რელიგიური გაერთიანებების მიმართ, რაც  ამ სახის განათლების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

რელიგიური გაერთიანებების ავტონომიურობის პრინციპი სახელმწიფოს უფლებას არ აძლევს უშუალოდ ჩაერიოს ამ ტიპის განათლების მიღების რეგულირებაში, თუმცა სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური ინტერესი და უფლება, იცნობდეს რელიგიური განათლების ფორმასა და შინაარსს.

რელიგიური ექსტრემიზმისა და ფუნდამენტალიზმის თავიდან ასაცილებლად და სეკულარული გარემოს დასამკვიდრებლად სახელმწიფომ, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა  შეზღუდოს გარკვეული სახის რელიგიური სწავლება.

რელიგიური (სასულიერო) განათლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება შესაძლოა მოიცავდეს გარკვეულ ფინანსურ და ადმინისტრაციულ (განათლების დამადასტურებელი მოწმობების აღიარება და სხვ.) დახმარებას.

 

 

რელიგია და მედია

ა) მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მედიასაშუალებები ხშირად აშუქებენ რელიგიის სფეროში მიმდინარე მოვლენებს. ობიექტურობის, თანასწორობისა და პროპორციულობის, მაღალი პროფესიონალიზმის, კომპეტენციისა და სხვა აუცილებელი ფაქტორების გათვალიწინებით ჩამოყალიებული მედიაპოლიტიკა უზრუნველყოფს რელიგიის სფეროთი დაინტერსებული საზოგადოების ინფორმირებულობას.

ბ) საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ (2004 წ.) განსაზღვრავს რელიგიური შინაარსის ინფორმაციის გაშუქებისას სავალდებულო რეგულაციებს, როგორიებცაა: რელიგიური გავლენებისგან სარედაქციო პოლიტიკის დაცვა (მუხ. 16); ისეთი  პროგრამების აკრძალვა, რასაც შესაძლოა, რელიგიური შუღლის გაღვივება,  რელიგიური კუთვნილებიდან გამომდინარე - კონკრეტული პირის ან ჯგუფის  შეურაცხყოფა ან დისკრიმინაცია მოჰყვეს (მუხ. 56). მაუწყებელთა ქცევის კოდექსი (2009 წ.) განმარტავს, რომ ახალი ამბების გადაცემისას დაუშვებელია კონკრეტული რელიგიური გაერთიანების მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვა (მუხ. 16), მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისაგან, რომელიც გააღვივებს რელიგიური კუთვნილების ნიშნით სიძულვილს ან შეუწყნარებლობას (მუხ. 31), რელიგიური შინაარსის ინფორმაციის გაშუქებისას მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ზუსტი და სარწმუნო, დაბალანსებული, პროპორციული და თანაზომადი ინფორმაცია საქართველოში მცხოვრებ რელიგიურ ჯგუფზე (მუხ. 32), მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, ასევე, აუცილებლობის გარეშე არ უნდა აღნიშნოს პირის რელიგიური მრწამსი (მუხ. 33).

გ) მედია საშუალებების მიერ ობიექტური და ზუსტი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რელიგიის სფეროში  ჟურნალისტის (რედაქტორის) კომპეტენციას. ტერმინოლოგიური უზუსტობებისა და დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით მნიშვნელოვანია მედიასაშუალებების  მიერ  სპეციალური პროგრამების საშუალებით ჟურნალისტების (რედაქტორების) გადამზადების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფომ შესაძლოა იკისროს შესაბამისი გადასამზადებელი პროგრამების ორგანიზება.

დ) ობიექტური ინფორმაციის გავრცელების უზრუნვეყოფის მიზნით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის პირველწყაროდან, რელიგიური გაერთიანებებიდან, მოპოვებას. შესაბამისად, მედიასაშუალებები უნდა ეცადნონ ოფიციალური ინფორმაციის უშუალოდ რელიგიური გაერთიანებებისგან მიღებას, რელიგიურმა გაერთიანებებმა კი უნდა უზრუნველყონ ინფორმაციის მაქსიმალურად სწრაფი გაცემა და აწარმოონ ღია საინფორმაციო პოლიტიკა. თანამშრომლობისას თანაბრად უნდა იქნას გათვალისწინებული როგორც ინფორმაციის მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესი, ასევე, რელიგიური გაერთიანებების ავტონომიური ინტერესები. ნებისმიერ შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს რელიგიის სფეროს მგრძნობელობითი ხასიათი და თავიდან  იქნას არიდებული ინფორმაციის თავისუფალი ინტერპრეტაცია.

 

 

სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო

სააგენტო

ა) დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებაში რელიგიის სფეროში მომუშავე ცენტრალიზებული ინსტიტუტის არარსებობა ხელს უშლიდა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციას და მის პროფესიულ წარმოებას. სახელმწიფო უწყებებში გადანაწილებული უფლებამოსილება და კომპეტენცია, სათანადო კოორდინაციის არარსებობა, ხშირ შემთხვევაში,  მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნიდა.

ბ) შექმნილმა მდგომარეობამ განაპირობა სახელმწიფოს ინიციატივითა და კვალიფიციურ ექსპერტთა და მეცნიერთა მონაწილეობით სპეციალური ინსტიტუტის - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  სააგენტოს დაფუძნების აუცილებლობა.  სააგენტო ისტორიული გამოცდილებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების, პროფესიული კვლევისა და მეცნიერული ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს რელიგიის სფეროში არსებული გამოწვევების შესაბამისად.

გ) სააგენტოს იდეურ მისიად განისაზღვრა: მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ გარემოში,  ისტორიული გამოცდილებისა და საერთაშორისოდ   აღიარებული ნორმების  გათვალისწინებით,  თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული, მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის ხელშეწყობა. სააგენტოს დევიზია - რწმენა თავისუფლების აქტია.

დ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის N117 დადგენილებით შეიქმნა სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და დამტკიცდა სააგენტოს დებულება. დადგენილების თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის ახორციელებს რელიგიის სფეროში საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობას.

ე) სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უფლებამოსილება დებულების თანახმად შემდეგნაირად განისაზღვრა: სააგენტო:

ა) იკვლევს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოში რელიგიის სფეროში არსებულ მდგომარეობას;

ბ) ამზადებს რეკომენდაციებს, მათ შორის სამართლებრივი აქტების პროექტების სახით და გასცემს კონსულტაციებს რელიგიური გაერთიანებებისათვის პრობლემატურ საკითხებზე;

გ) ამზადებს რეკომენდაციებს კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრული მიზნების და ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით;

დ) იკვლევს ევროპის კავშირის ქვეყნებში არსებულ სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობათა სისტემებს;

ე) შეისწავლის საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების გამოცდილებას და სტანდარტებს რელიგიის სფეროში;

ვ) კვლევების საფუძველზე შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

ზ) ამყარებს კავშირს და თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფოთა ანალოგიურ ორგანიზაციებთან;

თ) ქმნის და აწარმოებს რელიგიური გაერთიანებების შესახებ საინფორმაციო ბანკს;

ი) უფლებამოსილი ორგანოებისათვის გასცემს რეკომენდაციებს რელიგიურ - საკულტო დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრის და სხვადასხვა შენობება-ნაგებობების რელიგიურ-საკულტო დანიშნულების შენობად გარდაქმნის თაობაზე;

კ) საქართველოს მთავრობის სახელით, უფლებამოსილია შეასრულოს შუამავლის ფუნქცია და მონაწილეობა მიიღოს იმ დავებისა და საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც შეიძლება გაჩნდეს საქართველოში მოქმედ რალიგიურ გაერთიანებებს შორის;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს წინადადებებს რელიგიის სფეროში განათლების შესახებ;

მ) შეიმუშავებს წინადადებებს და რეკომენდაციებს სამოქალაქო საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობაში ტოლერანტული გარემოსა და შემწყნარებლობის მხარდასაჭერად;

ნ) ხელს უწყობს ინტერრელიგიური და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას რელიგიურ გაერთიანებათა შორის;

ო) ახორციელებს პრემიერ-მინისტრის დავალებებს რელიგიის სფეროში.

ვ) რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, საკუთარი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, განსაზღვრა დაკისრებული მოვალეობების შესრულების და სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების ხედვა:

  1. სახელმწიფოსათვის რეკომენდაციების მომზადების პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ  რელიგიურ ორგანიზაციებთან, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრებთან, სამოქალაქო სექტორთან. საჭიროების შემთხვევაში ვქმნით მუდმივმოქმედ სათათბიროსა და დროებით საბჭოებს;
  2.  შევიმუშავებთ სამართლებრივი დოკუმენტების პროექტებს რელიგიის სფეროში არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
  3. ხელს ვუწყობთ  საზოგადოებრივ ცნობიერებაში შემდეგი პრინციპის დამკვიდრებასრწმენა თავისუფლების აქტი და თითოეული ადამიანის შინაგანი არჩევანია;
  4. მუდმივად ვსწავლობთ და ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რელიგიურ განწყობებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველწლიურ ანგარიშებსა და რეკომენდაციებს;
  5. ქვეყანაში მიმდინარე რელიგიური პროცესებისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავებთ მექანიზმებს რელიგიურ ნიადაგზე შესაძლო კონფლიქტის რისკების თავიდან ასაცილებლად;
  6. ხელს  ვუწყობთ  ისეთი საინფორმაციო ველის შექმნას, რომელიც განაპირობებს  გაუცხოების დაძლევას საზოგადოებასა და სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს  შორის.

 

 

საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის

სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2014-2015

წლებისთვის)

ა) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განსახორციელებელი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასთან (2014-2020 წლებისთვის) შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შემუშავებულ იქნა „საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2014–2015 წლებისთვის)“ და ჩამოყალიბდა „საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014–2015 წლებისთვის) საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო“ (საქართველოს მთავრობის N445 დადგენილება 09.07.2014).

ბ) საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014–2015 წლებისთვის) მე-12 პუნქტი ეთმობა რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებასა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას. სამოქმედო გეგმის მიზანია რელიგიური შემწყნარებლობის დამკვიდრება და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობა. აღნიშნული პუნქტით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად გაწერილია სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შესაბამისი ვალდებულებები:

12.1. რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაციისგან დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნა:

12.1.2. რელიგიურისაკულტო დანიშნულების შენობანაგებობების მშენებლობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების თაობაზე სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

12.2. რელიგიური სიძულვილით/შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების პრევენცია და ეფექტური გამოძიება:

            12.2.2 საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება.

12.3. საჯარო სამსახურში სეკულარიზმის პრინციპის განმტკიცება:

            12.3.1 საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებზე.

12.4. რელიგიური ორგანიზაციებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება:

            12.4.1. რელიგიური ორგანიზაციებისათვის მიყენებული ზარალის განსაზღვრის და მისი ნაწილობრივი ანაზღაურების საკითხის გადახედვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ;

            12.4.2. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ თანაბრად გაითვალისწინოს რელიგიური ორგანიზაციების საკულტო ნაგებობების შენარჩუნებისა და რესტავრირების საჭიროება;

            12.4.3. რელიგიური დანიშნულების შენობა ნაგებობების ისტორიული კუთვნილების განსაზღვრის საკითხის შესწავლა;

            12.4.4. საკულტო ნაგებობების ლეგალიზაციის, რეგისტრაციის და რესტავრაციის საკანონმდებლო რეგულაციის მომზადება.

12.5. განათლების სისტემაში რელიგიური თანასწორობის პრინციპების დანერგვა საკანონმდებლო რეგულაციის მომზადებამდე და ამოქმედებამდე მორატორიუმის გამოცხადება:

            12.5.1 სახელმძღვანელოების მოწესრიგება (სასწავლო სახელმძღვანელოების გრიფირების კრიტერიუმში ჩაიდოს მოთხოვნა, რომ სახელმძღვანელოს შინაარსი ითვალისწინებს საქართველოს მოსწავლეთა მრავალფეროვნებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესისრელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილის და .. მიხედვით. „სახელმძღვანელო ხელს უწყობს არასტერეოტიპული, მრავალმხრივი აზროვნებისა და შეხედულებების განვითარებას მოსწავლეებში).

            12.5.3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებში ჩაიდოს ინტერკონფესიური/ინტერკულტურული განათლების მეთოდებისა და სტრატეგიების შესახებ პროფესიული განვითარების კომპონენტი.

12.6. ცნობიერების ამაღლება:

            12.6.1. საზოგადოებაში ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმოება.

 

 

სტრატეგიის შესრულება და მონიტორინგი

ა) საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიით ჩამოყალიბებული მიზნების მისაღწევად სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყოველწლიურად ამტკიცებს ერთწლიან სამოქმედო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება მოცემულ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები, შესაბამისი ვადებისა და მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით.

ბ) სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნას რელიგიური გაერთიანებების, საქართველოს სახალხო დამცველის, ადგილობრვი და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები და ანგარიშები. მონიტორინგის შედეგები აისახება სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

 

[1] საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგები. ტომი I. ცხრილი 28. გვ: 132.

[2] რელიგიები საქართველოში. რედ: ზ. კიკნაძე. 2008. გვ:63.

[3] სახელწოდება პირობითია.

[4] სახელწოდება პირობითია.

[5] სახელწოდება პირობითია.

 

 

 


უკან