Faith is a freedom of act!

News

შეხვედრა მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინთან (eng)

შეხვედრა მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინთან (eng)

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე მსოფლიოს  ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს, იაკობ გაგულაშვილს, ქართულ-ებრაული ასოციაციის დირექტორს,  იოსიფ იცხაკ ჰერსონსკისა და თბილისის დიდი სინაგოგის გამგეობის თავმჯდომარეს, მერაბ ჩანჩალაშვილს შეხვდა.  „ბედნიერები ვართ, რომ საქართველოში მოვლილი და დაცულია ჩვენი სალოცავები და სასაფლაოები“ - განაცხადა რაბინმა და ქართველი ებრაელების სახელით,  მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას  ქართველი ებრაელების მხარდაჭერისათვის.

            რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმრებს მოუთხრო სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე. კერძოდ, ქართველ ებრაელთა თემისთვის გაწეულ დახმარებაზე, დაბრუნებულ სალოცავებზე, ონისა და ახალციხის სინაგოგების სარესტავრაციო სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება და სწორედ ამის გამო მიენიჭა მას არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი. „საქართველომ 26 საუკუნის განმავლობაში  მიიღო,  შეიკედლა და გაათბო ებრაელები. ახლა დადგა დრო, ისრაელში ასულმა ქართველმა ებრაელებმა იზრუნონ საქართველოზე.  ჩვენ უნდა გავაერთიანოთ  ძალისხმევა და გავაძლიეროთ  ეკონომიკურად საქართველო“ - განაცხადა საპასუხოდ მთავარმა რაბინმა. მან თქვა, რომ ისრაელში ინტერესი საქართველოს მიმართ მუდმივად იზრდება - გაცილებით მეტი ტურისტი ჩამოდის, აინტერესებთ მთაც, ბარიც, ზღვაც და კულტურაც. მისი თქმით, ქართველ ებრაელებს აქვთ რამდენიმე საინტერესო პროექტი, რომლის განხორციელებაც  ხელსაყრელია ორივე ქვეყნისათვის. მათ შორის - რელიგიური სასამართლოს გახსნა საქართველოში; ქართულ-ებრაული კულტურული ფესტივალის მოწყობა ისრაელში; საქართველოში დაცული ებრაული ხელნაწერების მოძიება და გამოცემა და სხვა. მთავარ რაბინს, ასევე, დაგეგმილი აქვს ქართველი ებრაელების საერთაშორისო ფედერაციის შექმნა. საუბრის დასასრულს, მთავარმა რაბინმა სააგენტოს თავმჯდომარე ისრაელში მიიწვია.


Back