Faith is a freedom of act!

News

ირანის სასულიერო პირთა დელეგაციის ვიზიტი რელიგიის სააგენტოში (eng)

ირანის სასულიერო პირთა დელეგაციის ვიზიტი რელიგიის სააგენტოში (eng)

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძემ ირანის ქალაქ ყუმის  სამეცნიერო კვლევითი ცენტრის „ვალი-ასრი“-ის დირექტორს, სეიდ მუჰამმად ჰოსსეინი - აიათოლა კაზმეინს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ: ირანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჯავად ქევამ შაჰიდი, სრულიად საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი.     

            ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა ირანსა და საქართველოს შორის მჭიდრო  ურთიერთობის შესახებ, ზოგადად გააცნო სტუმარს სააგენტოს საქმიანობა - სახელმწიფოს დამიკიდებულება საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ და სააგენტოს მიერ მუსლიმთა თემის   მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯები. აქვე, მადლობა გადაუხადა მუსლიმთა სამმართველოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმიანობაში პარტნიორობისათვის და გამოხატა მზადყოფნა ორმხრივი თანამშრომლობის  გასაღრმავებლად. შეიხ რამინ იგიდოვისა და მუფტ იასინ ალიევის თქმით, მუსლიმთა სამმართველო მჭიდროდ თანამშრომლობს სააგენტოსთან, რაც მათ ყველა პრობლემის დაძლევაში ეხმარებათ.

            სეიდ მუჰჰამად ჰოსსეინმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის  მნიშვნელობას, მიიწვია სააგენტოს დელეგაცია ირანში და გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, რაც რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. სტუმარი, ასევე, შეეხო რელიგიური რადიკალიზმის თემას და განაცხადა, რომ რადიკალური გამოვლინებების წინააღმდეგ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება, მათ შორის - სამეცნიერო კონფერენციების მოწყობის ფორმატში. სტუმარმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოში სუნიტური და შიიტური ერთობის უნიკალური ხასიათი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ურთიერთობა მისაბაძია და მას განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება.

            აიათოლამ და ირანის ელჩმა,  სეიდ ჯავად ქევამ შაჰიდმა, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქართული სახელმწიფოს დამოკიდებულება  სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიის წარმომადგენლებისადმი, ასევე, რელიგიათაშორის ურთიერთობის ქართული  მეთოდები არის უნიკალური, გამორჩეული მთელს მსოფლიოში და იგი იმსახურებს დიდ მხარდაჭერას. სტუმრებმა გამოხატეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს აქტივობებში აქტიური მონაწილეობისა და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.


Back