Faith is a freedom of act!

News

დოჰას კონფერენცია - რელიგია და ადამიანის უფლებები (eng)

დოჰას კონფერენცია - რელიგია და ადამიანის უფლებები (eng)

20-21 თებერვალს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში, გაიმართა ინტერ-სარწმუნოებრივი მე-13 კონფერენცია თემაზე - „რელიგია და ადამიანის უფლებები“. კონფერენცია ტრადიციულია და იგი ყატარის ვაკფებისა და ისლამის სამინისტროს პატრონაჟით მიმდინარეობს.

     კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 80 ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, რელიგიური ლიდერები, მეცნიერები და სამოქალაქო აქტივისტები. სამიტს  მიესალმა ყატარის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სულთანი ბინ საად ალ-მურაიხი, რომელმაც აღნიშნა, რომ შეკრების მიზანი რელიგიათა შორის კონსენსუსი და, რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, ადამიანის უფლებების დაცვაა.

     კონფერენციაზე გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს რელიგიათა შორის დიალოგისა და მორწმუნეთა უფლებების დაცვის აუცილებლობას, იმსჯელეს საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები რელიგიაში და დამოკიდებულება ადამიანის უფლებების დარღვევებისადმი, რელიგიური ხედვები ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან დაკავშირებით, რელიგიური ტოლერანტობა, რწმენის თავისუფლება, უმცირესობების რელიგიური უფლებები, სხვადასხვა რელიგიების მიმდევართა თანაცხოვრება, ადამიანის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებები, მათ შორის - თავშესაფრის უფლება, ქალთა, ბავშვთა, ოჯახის, მოხუცებულთა და შშმ პირების უფლებები, საერთაშორისო კანონმდებლობის პასუხისმგებლობა დაუცველი რელიგიური ჯგუფების დაცვის საქმეში და სხვა. სამიტის მუშაობაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, დავით დავითაშვილი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი.

     კონფერენციის მონაწილეებს მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლების რელიგიური უფლებების დაცვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ძირითადი ფუნქციაა და ისაუბრა სააგენტოს საქმიანობაზე რელიგიური შემწყნარებლობის დამკვიდრების, ადამიანის რელიგიური უფლებების დაცვის მხრივ, შეეხო ინტერ-რელიგიური სათათბიროს საქმიანობას, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის სიმბოლური და ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, საკულტო ნაგებობების დაბრუნების პროცესს: „ჩემი სამშობლო- საქართველო, უძველესი ქვყანაა, რომელიც ამაყობს  სახელმწიფოებრიობის ოცდაათსაუკუნოვანი ტრადიციით, დამწერლობით, რომელიც მსოფლიოს თოთხმეტი ანბანიდან ერთ-ერთია, უძველესი კულტურით, რომელიც ქრისტიანობის საფუძვლებს ეფუძნება - საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, სადაც ქრისტეს სჯული პირველ საუკუნეში, ქრისტეს მოციქულებმა იქადაგეს, მეოთხე საუკუნის დასაწისში კი ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყნის ისტორია ქრისტეს სჯულისთვის ბრძოლის ისტორიაა, ჩვენ მუდამ ღია და შემწყნარებლები ვიყავით სხვა ერებისა თუ რელიგიების მიმართ. სწორედ საქართველოს შეაფარეს თავი დევნილმა ებრაელებმა და ისინი 26 საუკუნეა, რაც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და საკუთარ ღმერთზე ლოცულობენ; ათასი წელია, ჩვენთან მშვიდობიანად თანაარსებობენ მუსლიმი ქართველები, აზერბაიჯანლები, ქისტები და ჩეჩნები; მეტიც: ახლო აღმოსავლეთსა თუ ევროპაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაპირისპირებების ფონზე, ერთ მეჩეთში ლოცულობენ შიიტებიც და სუნიტებიც და ამითაცაა ქართული ისლამი მსოფლიოში უნიკალური; მე-10 საუკუნიდან არსებობს ჩვენთან სომხური ეკლესია, მე-14 საუკუნუდან-  კათოლიკეები; მე-18 საუკუნის ბოლოდან - ეზიდები და ა. შ.  ასე რომ, ამა თუ იმ ეთნოსსა და რელიგიურ ჯგუფს საქართველოში ცხოვრების უფრო დიდი ასაკი აქვს, ვიდრე ზოგიერთ  სახელმწიფოს - არსებობის ისტორია. ყველა ერსა და ქვეყანას ცხოვრების საკუთარი წესი აქვს, რომელიც ეფუძნება  მის კულტურასა და მარადიული  ღირებულებების  შესატყვის ეთიკურ-ზნეობრივ ნორმებს. ტოლერანტობა საქართველოსათვის სწორედ ის ერთ-ერთი ფუნდამენტური ფასეულობაა, რომელმაც, ერთი მხრივ,   საშუალება მისცა  ჩვენი   ქვეყნის  სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიური მოსახლეობას  სამშობლოდ აღექვა საქართველო და მეორე მხრივ, უზრუნველეყო სწორედ ამ ქვეყანაში მათი დამოუკიდებელი განვითარება და უნიკალური იდენტობის  შენარჩუნება  ქართველ ერთან ასიმილაციის  გარეშე“ - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ კონფერენციაზე გამოსვლისას. პლენარულ სესიაზე მიმდინარე დისკუსიის ფორმატში, საქართველოს სახელმწიფოს საქმიანობას რელიგიური ტოლერანტობისა და ადამიანის რელიგიური უფლებების დაცვის კუთხით მაღალი შეფასება მიეცა.

     სააგენტოს თავმჯდომარე შეხვდა დოჰას ინტერრელიგიური დიალოგის საერთაშორისო ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, პროფესორ იბრაჰიმ სალეჰ ალ-ნაიმის, რომელიც დაინტერესდა რელიგიის სააგენტოს საქმიანობით და საზოგადოდ, რელიგიათა შორის ურთიერთობების საკითხით საქართველოში. ზაზა ვაშაყმაძემ პროფესორ ალ-ნაიმის გააცნო სააგენტოს მიზნები, ამოცანები და საქმიანობა და გადასცა ინტერრელიგიური დიალოგის ფორმატში გამართული კონფერენციის მასალები და ინტერრელიგიური კალენდარი. პროფესორმა ალ-ნაიმიმ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ძალისხმევას რელიგიური შემწყნარებლობის განმტკიცების თვალსაზრისით და გამოთქვა სურვილი, უფრო ახლოს გაეცნოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

            ყატარში ყოფნისას, სააგენტოს თავმჯდომარე შეხვდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ყატარში, ნიკოლოზ რევაზიშვილს. 


Back