Faith is a freedom of act!

News

დღეს საქართველოს პარლამენტში რელიგიურ ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა (eng)

დღეს საქართველოს პარლამენტში რელიგიურ ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა (eng)

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, ებრაული თემის, კათოლიკური ეკლესიის, ევანგელურ-ლუთერული და ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიების, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტურ ეკლესიათა კავშირის,  ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების სასულიერო პირები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი იონათან ბრადტი.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, რელიგიის თავისუფლება პრიორიტეტულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთვის. „ჩვენ მზად ვართ, ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ყოველთვის დავდგეთ თქვენ გვერდით და ერთად გადავჭრათ და დავძლიოთ თქვენ წინაშე მდგარი გამოწვევები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში მსჯელობის ერთ-ერთი თემა რელიგიის თავისუფლება ყოფილიყო“, - მიმართა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს სოფო კილაძემ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, მისასალმებელია, როცა რელიგიურ კონფესიათა წარმომადგენლების ჩართულობით მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში რელიგიების წინაშე მდგარ სხვადასხვა გამოწვევაზე მსჯელობა. „კარგია, რომ ყველა იმ პრობლემას და საჭიროებას, რომელიც სხვადასხვა რელიგიის წინაშე სხვადასხვა სახით არსებობს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი უშუალოდ რელიგიურ კონფესიათა წარმომადგენლებისგან ეცნობა. ეს იქნება საწყისი იმ ურთიერთობებისა, რომ ერთი მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლება და მეორე მხრივ, საკანონმდებლო ხელისუფლება რელიგიებთან კოორდინაციაში მოაგვარებს ყველა პრობლემას კანონმდებლობის ფარგლებში“, - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

შეხვედრაზე რელიგიურ კონფესიათა წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე რომელიც მათ წინაშე დგას, მათი განცხადებით მისასალმებელია ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ახორციელებს, კერძოდ საუბარი შეეხო რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის საკითხს.

გამოითქვა სურვილი ერთობლივი ძალისხმევით მოგვარდეს ყველა ის საკითხი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში რელიგიური ტოლერანტობის კიდევ უფრო გამტკიცებას.

 


Back